ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში – გიორგი გახარია

January 21, 2021

ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში – ეს მოლოდინი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 

გიორგი გახარიას შეფასებით, დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისა და სპეციალისტების 12-წლიანი შრომის შედეგი იქნება. პრემიერ-მინისტრის თქმითვე, გარდა იმისა, რომ ეს იქნება საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების კომპენსაცია, ამასთანავე, იქნება საერთაშორისო დონეზე მათი ინტერესების შემდგომი დაცვის საფუძველი.

“ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, როგორც მთავრობას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები უწყებათაშორის კოორდინირებული მუშაობის ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით და ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და რომელსაც ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ უახლოეს პერიოდში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს არის საქართველოს უახლეს პერიოდში უმნიშვნელოვანესი დღე და დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში,“ – თქვა პრემიერმა.

სტრასბურგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სახელმწიფოთაშორის დავაზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” გადაწყვეტილებას დღეს, 21 იანვარს გამოაცხადებს. საქართველო რუსეთს ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს.