ე.წ. „ციხის მაყურებლები” მუშაობაში ხელს გვიშლიან, ადმინისტრაცია მათ ხელს უწყობს – ომბუდსმენი

January 20, 2021

“სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტი არა მარტო გართულდა, არამედ უკვე საფრთხის შემცველი გახდა”, – ეს განცხადება საქართველოს ომბუდსმენმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. 

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ციხეებში პატიმართა არაფორმალური იერარქია და ე.წ  “მაყურებლებისგან” მართული ჯგუფები მის წარმომადგენლებს სისტემატურად ესხმიან თავს. მისივე თქმით, ე.წ კლანები ციხის ადმინისტრაციის მხარდაჭერით სარგებლობენ. 

“უკანასკნელი თვეების განმავლობაში, დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას”,- აღნიშნა ლომჯარიამ. 

სახალხო დამცველის განმარტებით, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ , რაც აპარატმა 2020 წლის ანგარიშში ამ პრობლემებზე ისაუბრა. ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ციხის მაყურებლები ციხეებში უზრუნველყოფდნენ მოჩვენებით წესრიგს, რაც მიზნად ისახავს პატიმართა გაჩუმებასა და მათთვის პრობლემებზე საუბრის აკრძალვას.

ნინო ლომჯარიამ გაიხსენა წინა წელს მომხდარი ფაქტებიც, როდესაც პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის თანამშრომლებს არ მისცა ჯერ საარჩევნო უფლების რეალიზების პროცესზე დაკვირვების, შემდგომ კი დაწესებულების ექიმთან გასაუბრების საშუალება.

არსებული მდგომარეობის გამო სახალხო დამცველი ამბობს, რომ ამიერიდან ციხეებში მონიტორინგს სახალხო დამცველი მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების პირობებში შეძლებენ. 

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ციხეებში არსებული კრიმინალური გავლენების გამო პატიმართა პრობლემები აპარატისთვის უცნობი რჩება. მისივე თქმით, ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენაა ის, რომ, წლიდან წლამდე საპატიმროებიდან სახალხო დამცველთან შემოსული მომართვები და განცხადებები იკლებს. მაგალითად, მისი თქმით, 2020 წელს პატიმრებისგან შემოსული 1384 განცხადებებიდან, მხოლოდ 57 იყო (N14, N15 და N17) ციხის პატიმრების მიერ გამოგზავნილი. 

ნინო ლომჯარიას განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებენ პენიტენციურ სამსახურში. ომბუდსმენის საპასუხოდ უწყებაში უარყოფენ, რომ ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა არსებობს. ომბუდსმენისთვის მიმართვიანობის შემცირებულ სტატისტიკას კი მისდამი პატიმრების განწყობით ხსნიან. 

“უწყების ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პატიმრების განწყობაზე ომბუდსმენის, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციისა და კერძო პირის მიმართ. თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ. უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მაქსიმალურად იცავენ ომბუდსმენის წარმომაგენლების უსაფრთხოებას და იმედია, ამას თავად ეს პირებიც ვერ უარყოფენ.”