ვმსჯელობთ რა დოზით შეეხება, შეზღუდვები ზამთრის კურორტებს – ნათია თურნავა

November 19, 2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, თუმცა რა დოზით შეეხება იგი ზამთრის კურორტებს, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„ამ პირობებში, რამდენად შევძლებთ სრულფასოვნად ვამუშაოთ ზამთრის კურორტები, რა თქმა უნდა, ეს კითხვა დგას. ვმუშაობთ და გადაწყვეტილებას მოგახსენებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განმარტებით, კურორტები დიდი მობილობის გენერატორია და ამ თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიურად გარკვეული კითხვები არსებობს. როგორც ის ამბობს, მთავრობის პრიორიტეტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იქნება.

“არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად იფუნქციონირებს, მაგრამ პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ ეპიდემიოლოგების რჩევები. თუ რა დოზით, რა დონით და რა გეოგრაფიით იქნება ეს წერტილოვანი შეზღუდვები აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ ზამთრის კურორტებზე”- განაცხადა მინისტრმა.

ავტორი: ნატალია ნემსაძე