ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა – სუსი

January 18, 2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. უწყების ინფორმაციით, მომდევნო ე.წ სასამართლო სხდომა 25 იანვარს ჩაინიშნა. 

“ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით დღეს 18 იანვარს გაიმართა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი. მიმდინარე ე.წ. სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. მომდევნო ე.წ. სასამართლო დაგეგმილია 25 იანვარს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მექანიზმების გამოყენებით”, – ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში. 

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებასთან ერთად, სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისთვის ედავება. წინასწარი პატიმრობის ვადა მას უკვე მეორედ გაუგრძელეს.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ.