ზებრა ცესკოს აკრედიტაციით, საბჭოთა ჰიმნი, სამგლოვიარო თაიგული – პროტესტი ერთპარტიულ პარლამენტს

December 11, 2020

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის მეათე მოწვევის პირველი სხდომის პარალელურად, სიმბოლურად პირველი რესპუბლიკის პარკში შეიკრიბნენ, სადაც უფლებამოსილების შეწყვეტის განზრახვა მემორანდუმით დაადასტურეს.

ოპოზიციური პარტიებიდან ადგილზე არ იყო ალეკო ელისაშვილი, რომელიც ამბობს, რომ არც პარლამენტში შედის და არც განცხადებას აწერს ხელს. ადგილზე არ იყო გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც. მათთან ერთად არ ჩანდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრებად არჩეული რესპუბლიკელები, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია. მათი თქმით, საპარლამენტო მანდატებზე უარით პარლამენტს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მიმართავენ.

ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დროს საკანონმდებლო ორგანოს გარეთ რამდენიმე აქცია მიმდინარეობდა. “ქართული ოცნების” დეპუტატებს პარლამენტში პროტესტის ფონზე მოუხდა შესვლა. ზებრა ცესკოს აკრედიტაციით, საბჭოთა ჰიმნი, სამგლოვიარო თაიგული – ამ ატრიბუტებით მოქალაქეთა და ოპოზიციური პარტიების ნაწილი დღევანდელობასა და საბჭოთა პერიოდს შორის პარალელის გავლებას ცდილობდა და პროცესს უნდობლობას უცხადებდა.

სანამ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობდა და მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, თბილისის მერია პარლამენტის წინ ნაძვის ხეს დგამდა.