ზურაბ ხაჩიძეს ხარვეზიანი დეკლარაცია – TI

February 23, 2022

“სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების 36 თანამდებობის პირიდან, 2021 წელს დეკლარაცია 12-მა ხარვეზებით შეავსო, რაც საერთო რაოდენობის 33 პროცენტია. მათ შორისაა სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე, ზურაბ ხაჩიძე”, – ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს. 

კვლევის მიხედვით, ზურაბ ხაჩიძეს 2021 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მის თანასაკუთრებაში არსებული ბინა, რომელიც თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მდებარეობს.

ასევე, არ აქვს აღნიშნული, რომ მეუღლე – ნატალია ჟორდანია ფლობს ბინას თბილისში. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია ხაჩიძეს ასახული ჰქონდა წინა, 2020 წლის დეკლარაციაში.

რა მიზეზით არ ასახა უძრავი ქონება მომღერალმა და გუბერნატორის მოადგილემ ზურაბ ხაჩიძემ? ჩვენ მასთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა ამ დროისთვის იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

აქვე გეტყვით, რომ ზურაბ ხაჩიძეს, 2021 წლის აგვისტოში შევსებული დეკლარაციაში არ ჰქონდა მითითებული მეუღლის 2 კომპანია, რომლებშიც ნატალია ჟორდანია 50% და 25 %-იანი წილის მფლობელია. მაშინ რწმუნებულის მესამე მოადგილემ გვითხრა, რომ აღნიშნული კომპანიების შესახებ არა თუ მას, არამედ საკუთრივ ნატალია ჟორდანიასაც კი არ ახსოვდა. ( «ჩემს მეუღლეს არ ახსოვდა კომპანიების შესახებ და მე როგორ უნდა გამხსენებოდა» — რას პასუხობს ზურა ხაჩიძე TI-ს კვლევას )