თეა წულუკიანი კულტურის ბრწყინვალე მინისტრი იქნება – ელისო ბოლქვაძე

February 8, 2021

პარლამენტის წევრი და პიანისტი ელისო ბოლქვაძე ამბობს, თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროს “ბრწყინვალე” მინისტრი იქნება. ამის შესახებ მან TV პირველს განუცხადა.

“თეა წულუკიანი იქნება ბრწყინვალე მინისტრი. იმიტომ რომ ძალიან პრინციპულია, ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალბატონ თეას. რა თქმა უნდა [კვალიფიციური მინისტრი იქნება], რადგან არის უჭკვიანესი ადამიანი”, —თქვა ელისო ბოლქვაძემ.

თეა წულუკიანს რვა წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა. ამჟამად კი პარლამენტის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გამოყოფა იგეგმება. ბოლო დღეების განმავლობაში კი მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის კანდიდატურა განიხილება.