თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება – მთავრობა

December 14, 2020

საქართველოს მთავრობა 2021 წლის თებერვლიდან ავიამიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხებულა, მათ შორის არც აეროპორტების გაფართოების პროექტები.

“დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა და უკვე თებერვლიდან ჩვენ ვგეგმავთ გავაუქმოთ ყველა შეზუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს ჩვენს სტუმრებს და მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს“, -აღნიშნა ნათია თურნავამ.