“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!” – “პატრიოტული” წერილი პუტინს საქართველოდან

February 22, 2022

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტს, ვლადიმერ პუტინს საქართველოსთან “საერთო ენის გამონახვასა და ურთიერთობის დათბობას” პატრიოტთა ალიანსი და მისი იდეოლოგიის გამზიარებელი ორგანიზაციები სთხოვენ. ამ მიზნით მათ პუტინთან წერილიც გაგზავნეს, რომლის შინაარსი საკუთრივ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა გაასაჯაროვა. 

“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!”– ასე ესალმება ის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. წერილის მიხედვით, ინაშვილს და მის თანამოაზრეებს მიაჩნიათ, რომ საქართველო რუსეთის დახმარების გარეშე “ვერ გაუმკლავდება გამოწვევებს და სინანულსაც გამოთქვამს” იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მათ მიერვე ჩატარებული გამოკითხვით საზოგადოების დიდი ნაწილი “ემხრობა ნეიტრალიტეტს და რუსეთთან ურთიერთობის დათბობა” სურს.

ჩვენ დავინტერესდით თუ რა მეთოდოლოგიის და რომელი პერიოდის კვლევას ეყრდნობა პარტია ამ დასკვნის გაკეთებისას. “პატრიოტთა ალიანსში” გვეუბნებიან, რომ “კვლევაში ცდომილების ზღვარი არ არსებობს”, ხოლო კვლევის განხორციელების პერიოდი არის 2020 წელი. მათი თქმით, გამოკითხეს მილიონზე მეტი ადამიანი.   

გარდა აღნიშნული შეკითხვისა ჩვენ ირმა ინაშვილს შემდეგი შეკითხვებითაც დავუკავშირდით: უკრაინაში მიმდინარე მოვლენების, 2008 წლის აგვისტოს ომის და მცოცავი ოკუპაციის ფონზე რამდენად მართებულია პუტინისთვის ამგავრი ტერმინოლოგიით მიმართვა? რატომ არ უნდა გაწევრიანდეს საქართველო ნატოსა და ევროკავშირში, მაშინ როდესაც NDI-ს ყველა კვლევის თანახმად მხარდაჭერა ამ დასავლური ინსტიტუტების მიმართ აღემატება 70 % და 80%-ს ? ირმა ინაშვილის მობილურის ნომერზე მოპასუხე პირმა, თავი წარგვიდგინა როგორც მისმა თანაშემწემ და გვითხრა, რომ თუ ინაშვილი დათანხმდება პასუხების გაცემას, ის თავად დაგვიკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინს ღია წერილით 30 ივლისსაც მიმართა, სადაც ინაშვილი პუტინს კვლავ ურთიერთობის დათბობას თხოვდა. ( «ქართველობა» «პატრიოტთა ალიანსი» და წერილი პუტინს )