ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსული ბიზნესი – TI

April 27, 2022

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით რუსეთში, სულ ცოტა, 1 კომპანიას ფლობს – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წერს. 

კვლევის მიხედვით, სხვადასხვა საშუალების გამოყენებით ივანიშვილს კვლავ აქვს ბიზნესინტერესები და მისი ინტერესები იკვეთება დასავლეთის მიერ სანქცირებულ პირებთან. კერძოდ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, 2012-2019 წლებში მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას ფლობდა, რაც შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისა და დასავლეთის მიერ რუსეთზე უპრეცედენტო სანქციების დაწესების შემდეგ საქართველოს მმართველი ელიტის რუსეთთან ურთიერთობა, საქართველოს უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს.

აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც, რომლებსაც საერთო კომპანიები რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან აქვთ. კერძოდ, კვლევაში საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმას და დეიდაშვილს კომპანია „გეო ორგანიკსის“ გავლით საერთო ბიზნესი აქვთ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორთან და ასევე, ვოლგოგრადის ყოფილ გუბერნატორთან, რომლის მეუღლეც, სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი და ცნობილი პროპაგანდისტული ვიდეოს – „ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ“ ავტორია. ორგანიზაციაში ამ კომპანიებს თავად ივანიშვილის ბიზნესინტერესებად განიხილავენ. 

აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით როგორია “ქართული ოცნების” პოზიცია? პარტიაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. ჩვენს ზარებს არ პასუხობს არც ქართუ ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი უძილაური.  ხოლო საკუთრივ ბიძინა ივანიშვილის მობილური ტელეფონის ნომერი არ გვქონდა.