ინდონეზიაში არქეოლოგებმა გამოქვაბულში ცხოველის მსოფლიოში ყველაზე ძველი ნახატი აღმოაჩინეს

January 15, 2021

გარეული ღორი, რომელიც, სავარაუდოდ, 45 500 წლის წინ დახატეს – არქეოლოგებმა ინდონეზიაში გამოქვაბულში ცხოველის მსოფლიოში ყველაზე ძველი ნახატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს. ნახატი მუქი წითელი პიგმენტითაა შესრულებული. ბუნებრივი ზომის სურათი, როგორც ჩანს, თხრობითი სცენის ნაწილია. იგი კუნძულ სულავესის შორეულ ხეობაში, Leang Tedongnge გამოქვაბულშია ნაპოვნი.

ნახატი იძლევა მტკიცებულებას, რომ რეგიონი ადრე ადამიანებით იყო დასახლებული. 

„ამ ნახატის შემქმნელები სრულიად თანამედროვე ადამიანები იყვნენ. ჩვენსავით იყვნენ, ჰქონდათ უნარი და საამისო ხელსაწყოებიც მოეპოვებოდათ, რომ რაც სურდათ, ის დაეხატათ“ – წერს ანგარიშის თანაავტორი, ავსტრალიის გრიფინის უნივერსიტეტის თანამშრომელი მაქსიმ ობერი. 

ცხოველის ზურგზე აღბეჭდილია ადამიანის ხელის ორი ანაბეჭდი. ღორი უყურებს ორ სხვა ღორს, რომელთა გამოსახულება მხოლოდ ნაწილობრივ არის შენახული. ნახატის ზომა 136 სმ-54 სმ-ია.

ნახატი შეიძლება იყოს მსოფლიოს უძველესი ხელოვნება, რომელიც ფიგურას ასახავს.