“ისინი[მერია] სიტყვიერად დაგვპირდნენ, რომ გამოგვინახავდნენ ფართს,” – კათოლიკე მღვდელი უნწას სალოცავზე

September 19, 2022

ადიგენის სოფელ უნწაში, ყოფილი კულტურის სახლის შენობაში, რომელშიც მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანები წირვა–ლოცვას წლების განმავლობაში აღავლენდნენ დაკეტილია. 

ჯერ შენობის რეაბილიტაცია და პირვანდელი სახის დაბრუნება იყო გეგმაში, ახლა კი, მერიის ცნობით, უნდა დაიშალოს. როგორც მერი, გოჩა ქიმაძე გვეუბნება, ელოდებიან სამხარაულის ბიუროს დასკვნას იმის შესახებ, თუ რა თანხა დაუჯდებათ შენობის დანგრევა.

სოფელ უნწის ვიკარი ბექა ჩილინგარაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მერიისგან სიტყვიერი დაპირება მიიღეს იმის თაობაზე, რომ უწყება კათოლიკე მრევლს ალტერნატიულ ფართს გამოუნახავდა, თუმცა მერი, გოჩა ქიმაძე გვეუბნება, ამ ეტაპზე სოფელში სხვა ფართი არ აქვთ, ხოლო თუ კათოლიკე მორწმუნეები ეკლესიის აშენებას დაიწყებენ, მერია მცირედით დაეხმარებათ.  

რაც შეეხება დანაპირებს, ქიმაძე განმარტავს: “ჩვენ მათ დავპირდით, რომ როცა შენობა გარემონტდება შენობაში გამოვუყოფდით ადგილს, მაგრამ ახლა დანგრევა გვიწევს. თვითონ თუ ნახავენ მუნიციპალურ ფართს ჩვენ დავეხმარებით.”

მღვდელი ბექა ჩილინგარაშვილი გვეუბნება, რომ სალოცავის გარეშე დარჩენილი კათოლიკე მრევლი, წირვა–ლოცვაზე დასასწრებად სხვადასხვა სოფელში არსებულ ეკლესიებში დადის.

რაც შეეხება, ყოფილი კულტურის სახლის შენობაში მართლმადიდებელთა სამლოცველოს და მის მრევლს, ისინი მერიის ცნობით რამდენიმე წლის წინ აშენებულ ტაძარში გადავიდნენ. კონკრეტულად როდის, ამის გასაგებად მერიაში საპატრიარქოსთვის მიმართვა გვირჩიეს. საპატრიარქოში კი, როგორც წესი, ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

უნწაში კათოლიკეებს სამლოცველო არ აქვთ, ძველ შენობას ანგრევენ