კენჭის ყრის ფარულობის დარღვევა – “ევროპული საქართველო” რამდენიმე უბნის გადათვლას ითხოვს

October 11, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

“ევროპული საქართველო” ახალციხის მუნიციპალიტეტის უბნების ნაწილში ხმების გადათვლას ითხოვს. ამ მოთხოვნით პარტიამ ცესკოს განცხადებით მიმართა. საუბარია სოფელ ურავლის და წყრუთის საარჩევნო უბნებზე.

განცხადების მიხედვით, ურავლის #22-ე საარჩევნო უბანზე, ხმის დათვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერებზე დაკვირვებით, პროცესში მონაწილეობდნენ არაუფლებამოსილი კომისიის წევრები. პარტიაში ასევე  ეჭვქვეშ აყენებენ ოქმში მითითებული რიცხვების სიზუსტეს.

რაც შეეხება წყრუთის #27-ე უბანს. ევროპული საქართველოს წარმომადგენლები თვლიან, რომ დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა​ საარჩევნო უბნის გარეთ. მათი ინფორმაციით, უბანთან  100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე   მობილიზებული იყვნენ ქართული ოცნების კოორდინატორები, რომლებიც აწარმოებდნენ როგორც ამომრჩევლების აღრიცხვას, ისე ზეწოლას.

ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თეა გავაშელი გვეუბნება, რომ მათ განაცხადი დაარეგისტრირეს და დათქმულ ვადებში განიხილავენ.

დღესვე, ევროპული საქართველოს სიის პირველმა ნომერმა, მაკა სუდაძემ სოციალურ ქსელში განათავსა ფოტოები. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ფოტოებზე ჩანს შევსებამდე ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი #22-ე საარჩევნო უბანზე. მაკა სუდაძე გვეუბნება, რომ ამის გამო მათ საჩივარი არ დაუწერიათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.