კორონავირუსით დაინფიცირებული მეტროს თანამშრომლები და თბილისის მერიის პოზიცია

November 25, 2020

მეტროს მემანქანეების და თანამშრომლების დიდი ნაწილი კორონავირუსით ინფიცირებულია – ამ ინფორმაციას თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ავრცელებს.

„მატარებლის მემანქანეს სამუშაო ადგილზე მოსდის მესიჯი ინფიცირების დადასტურების შესახებ, მატარებლიდან გადმოსვლის შემდეგ კი შემცვლელ თანამშრომელს იმავე კაბინაში სვამენ, მდგომარეობა უკონტროლოა“ – გვეუბნება „ერთობა 2013“-ის დამფუძნებელი.

მეტროს სამუშაო საათების შემცირება, მემანქანეთა რესურსების გადანაწილება – ზაზა ბარბაქაძის თქმით, ეს რეკომენდაციები სექტემბერში სატრანსპორტო კომპანიის დირექციასთან გააჟღერეს, თუმცა მათი რჩევები მეტროპოლიტენმა არ გაითვალისწინა.

“ოჯახებით არიან ინფიცირებული, ჩვენი რამდენიმე კოვიდინფიცირებული თანამშრომელი ჟანგბადის აპარატზეა შეერთებული. ძალიან მძიმე ვითარებაა და ეს არ ეხება მხოლოდ მემანქანეებს. იქ არიან ესკალატორის თანამშრომლები, კონტროლიორები და სხვა.” -ამბობს „ერთობა 2013“-ის დამფუძნებელი.

თბილისის მერიაში მეტროპოლიტენის მემანქანეების ინფიცირების ფაქტს გვიდასტურებენ,  თუმცა ამბობენ რომ მათი რიცხვი არა 80, არამედ 20-ია. მერიაში ირწმუნებიან, რომ სანიტარული ნორმები დაცულია.

“ამ ეტაპზე დაინფიცირებული არის 20-მდე მემანქანე და კომპანიაში დასაქმებულია 220. შესაბამისად, ამ დროისთვის მეტროს მუშაობის შეფერხების საშიშროება არ დგას. მათი შემოთავაზებული განრიგი გამოიწვევდა მოქალაქეების დისკომფორტს, ვინაიდან შემცირებულ ვაგონების გამო გაიზრდებოდა ლოდინის ინტერვალი მგზავრებისთვის. რაც შეეხება ტესტირებას მეტროს ჰყავს ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც ჩვენთან დასაქმებულ პირებს სიმპტომების შემთხვევაში უტარებს ტესტირებას. ასევე, ტესტირების შემდეგ ხდება კონტაქტების მოძიება” – ამბობს თამაზ რობაქიძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი. 

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეს საკითხი თბილისის მერს არ განუხილავს.

მერიის სიმშვიდის პარალელურად „ერთობა 2013“-ში ამბობენ, რომ მდგომარეობა უკვე უკონტროლოა და მეტროს მუშაობის შეწყვეტის საშიშროებაა.  ზაზა ბარბაქაძე  ასევე გვეუბნება, რომ თანამშრომლების ინფიცირების შემთხვევაში კონტაქტების მოკვლევა არ ხდება, რაც მათ ოჯახებსაც უქმნის საფრთხეს. მისივე ინფორმაციით, დღეს ერთ-ერთ მემანქანეს კორონავირუსით 55 წლის მამა გარდაეცვალა, რომელიც სახლში მკურნალობდა, საავადმყოფოში გადაყვანილს კი თრომბოემბოლია განუვითარდა და გარდაიცვალა. აღნიშნული შემთხვევის შესახებ თბილისის მერიაში ინფორმაცია არ ჰქონდათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი გვითხრეს, რომ მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში კომენტარს ამირან გამყრელიძე გააკეთებდა.

ქვეყანაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისის მეტრო 6 საათიდან 10 საათამდე შემცირებული გრაფიკით მუშაობს.