“ლიბერალების და უაზრო კანონების მოშორება” – ადიგენში “ალტ-ინფოს” პარტიის მიზნები

March 17, 2022

“ლიბერალების და უაზრო კანონების (LGBTQ) მოშორება” – ეს მიზნები მოჰყავს “ალტ-ინფოს” ადიგენის ოფისის ხელმძღვანელს, ბესო ზარიძეს, ამავე მუნიციპალიტეტში ოფისის გახსნის საფუძვლად. 

სხვადასხვა შეფასებით, პრორუსული ნარატივით ცნობილმა „ალტ-ინფოს“ პარტიამ “კონსერვატიულმა მოძრაობამ” ოფისი ადიგენში გუშინ გახსნა. აღნიშნულის შესახებ პარტიამ ჩვენ ინფორმაცია არ მოგვაწოდა. 

ადიგენის ოფისს ბესო და შალვა ზარიძეები უხელმძღვანელებენ. ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მისი პარტიაში გაწევრიანების და ადიგენში ოფისის გახსნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ “ლიბერალების მოშორებაა.”

“ჩვენი მიზანი ლიბერალების მოშორება, უაზრო კანონების (LGBTQ) მოშორებაა და ჩვენ ვართ ტრადიციული და ეროვნული ინტერესების გამტარი პარტია,” – გვეუბნება ბესო ზარიძე.

ბესო ზარიძე ადასტურებს, რომ პარტიას სხვადასხვა დამფინანსებელი ჰყავს (ხალხი, ბიზნესმენები), მათ შორის რუსეთიდანაც. 

აქვე გეტყვით, რომ პარტიამ ოფისები გახსნა სამცხე-ჯავახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. ხელმძღვანელების თქმით, საქართველოს მასშტაბით 80-ზე მეტი ოფისის გახსნას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ “კონსერვატიული მოძრაობის” ახალციხის ოფისის ოფიციალური Facebook გვერდიდან ჩვენ ჟურნალისტს, მიშო დარბაიძეს დაემუქრნენ, რის გამოც მაუწყებელმა საგამოძიებო უწყებებს მიმართა.

ჩვენ ბესო ზარიძეს აღნიშნულის შესახებაც ვკითხეთ, რაზეც მან გვიპასუხა: “არ ვემუქრებით ჩვენ არავის, უბრალოდ რასაც გვეუბნებიან იმაზე ვცემთ პასუხს, არანაირი მუქარა არ ვრცელდება. ყველა ჩვენ გვებრძვით, არასწორად და არ იცით რანაირად შეგვავიწროვოთ თუ პასუხი გაგეცით ნუ ფიქრობთ რომ გემუქრებით.”

«ცოტა ჭკვიანად იყავი, თორემ TOK TV გვერდზე დაგრჩება» — ალტ-ინფოს პარტიის მუქარა ჟურნალისტს

შეგახსენებთ, რომ «ალტ-ინფო» დაკავშირებულია 5-6 ივლისის ძალადობის ფაქტებთან, მაუწყებლის წამყვანი პირები სიძულვილის ენის გავრცელებით აქტივისტებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ. 

“ალტ-ინფო” არაერთხელ მოხვდა ფაქტ ჩეკერების კვლევებში, როგორც რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია.