მექსიკასთან კედლის მშენებლობის გაუქმება – ჯო ბაიდენმა 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი

January 21, 2021

მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გაუქმება, ექვსი მუსლიმური ქვეყნიდან აშშ-ში ჩასვლაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში ჯვლავ დაბრუნება – ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უფლებამოსილების შესრულების დაწყებისთანავე 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი.

პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მომდევნო 100 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ყველა ფედერალურ შენობასა და ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავალდებულო ხდება როგორც პირბადის ტარება, ასევე სოციალური დისტანცირების დაცვა. 

ჯო ბაიდენის პრესსპიკერის ინფორმაციით, ხვალ ამერიკის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი თვეების შემდეგ პირველ შეხვედრას გამართავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

ცნობილია ისიც, რომ ოვალური კაბინეტიდან პირველ ოფიციალურ ზარს ჯო ბაიდენი კანადაში განახორციელებს.

კითხვას იგეგმება თუ არა სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, პრესსპიკერმა ჯენ საკიმ უპასუხა, რომ ასეთი გეგმა მისთვის ჯერჯერობით უცნობია.

“ამ დროისთვის არ არის გეგმაში პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო ზარი. პირველ რიგში ჯო ბაიდენი დაურეკავს მოკავშირეებს და პარტნიორებს, რათა აღადგინოს საგარეო ურთიერთობები,” – თქვა ბაიდენის პრესსპიკერმა.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, დემოკრატი ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა.