მთიან ყარაბაღში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა

March 27, 2022

მთიან ყარაბაღში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა არაიკ ჰარუთიუნიანმა, – ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.

მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა უპილოტო საფრენი აპარატი „ბარიაქტარით“ ოთხი დარტყმა განახორციელა დასახლებულ პუნქტ ფურუხის მახლობლად.

ბაქო იტყობინება, რომ 26 მარტს დილით სომხეთის სამხედროები შეეცადნენ დივერსია განეხორციელებინათ აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ.

ასევე, Jamnews-ის ცნობით, აზერბაიჯანული მხარის მოქმედებების შედეგად სამი სომეხი სამხედრო დაიღუპა, 14 დაიჭრა, ორის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა. სომხეთი აღშფოთებულია რუსი სამშვიდობოების მისიის არაეფექტურობით.

მთიანი ყარაბაღი კი რუსეთის პრეზიდენტს ოფიციალურ წერილში, სამშვიდობო მისიის კონტიგენტის გაზრდას სთხოვს.