ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

January 18, 2021

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი იმართება. საქმეს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ უზენაესი სასამართლო განიხილავს. – ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ავრცელებს.

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებასთან ერთად, სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისთვის ედავება. წინასწარი პატიმრობის ვადა მას უკვე მეორედ გაუგრძელეს.

რა ინფორმაციას ფლობს შერიგების სამინისტრო მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით უცნობია. უწყებაში ჩვენი შეტყობინების საპასუხოდ მოგვწერეს რომ საკითხზე კომენტარი ჯერ არ იქნება. 

დაკავების შემდეგ რამდენიმე საათში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საოკუპაციო ძალების მიერ მოქალაქის უკანონო დაკავება სახიფათო პრეცედენტად შეაფასა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ.