ოცნებაში ივანიშვილის ადგილს დროებით კალაძე დაიკავებს

January 11, 2021

“ქართული ოცნების“ წესდების მიხედვით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე პარტიის დროებითი თავმჯდომარე პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე იქნება. 

„პარტიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილების ვადის გასვლის, გადადგომის ან პარტიის წევრობის შეწყვეტის მომენტიდან. პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიის თავმჯდომარის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს პარტიის გენერალური მდივანი,“- ვკითხულობთ პარტიის წესდებაში. 

წესდების თანახმად თავმჯდომარე პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი თანამდებობის პირია და მას ყრილობა 4 წლის ვადით ირჩევს.  

თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მიზეზად ივანიშვილი იმას ასახელებს, რომ მისი „მისია შესრულებულია“. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ივანიშვილმა 2013 წელსაც განცხადა, თუმცა მისი არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, იგი პოლიტიკაში ოფიციალურად 2018 წელს დაბრუნდა და პარტიის თავმჯდომარე გახდა.