პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილი ირაკლი კობახიძეა – კალაძე  

January 11, 2021

ბიძინა ივანიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ’ ვაკანტურ პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა. კახა კალაძის თქმით, მმართველი პარტია ყრილობას შაბათს 16 იანვარს გამართავს და ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. მისივე თქმით, ყრილობას ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი დაესწრება.

„პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია. ახალი პოლიტსაბჭოს წევრთა ვინაობას შაბათს ყრილობაზე შეიტყობთ,”- თქვა პარტიის გენერალური მდივანმა. 

კახა კალაძის შეფასებითვე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა პარტიისთვის გამოწვევაა.

“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის, რა თქმა უნდა, გამოწვევა ჩვენი პარტიისთვის. ახლა ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შემართება, რათა ერთად დგომით და ყოველდღიური მუშაობით ბოლომდე მივიყვანოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე და საქართველო საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ავამაღლოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, დავძლიოთ სიღარიბე და ჩვენი ქვეყანა დასავლური სტრუქტურების სრულფასოვან წევრად ვაქციოთ. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთიანობით და მიზანდასახული მუშაობით, ამ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ” – აღნიშნა მან. ​

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება დღეს მეორედ მიიღო. წასვლის მიზეზად ის ასახელებს, რომ ” მისი მისია შესრულებულია”.