რამდენი მასწავლებელი გავიდა საგნის გამოცდაზე და რამდენმა (ვერ) ჩააბარა #სამცხე-ჯავახეთი

November 15, 2021

2021 წლის საგნის გამოცდაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან 560 მასწავლებელი დარეგისტრირდა, რომელთაგან გამოცდა მხოლოდ 100-მა ჩააბარა, შესაბამისად 460 ჩაიჭრა, – აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გვაწვდის. 

ჩვენ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გამოცდაზე ყველაზე მეტი 135 მასწავლებელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან გავიდა, რომელთაგან გამოცდა 24-მა ჩააბარა.

ამავე წყაროს ცნობით, საგნის კომპეტენციის გამოცდაზე სამცხე-ჯავახეთიდან სულ 1 277 პრაქტიკოსი მასწავლებელი დარეგისტრირდა, რომელთაგან გამოცდაზე 789 გავიდა და  კომპეტენციის დამადასტურებელი დადებითი შეფასება 463-მა პირმა მოიპოვა.

უნარის დამადასტურებელ გამოცდაზე რეგიონის მასშტაბით, 1 258 პრაქტიკოსი მასწავლებელი დარეგისტრირდა, ამათგან გამოცდაზე 814 გავიდა, ხოლო ჩააბარა 333-მა.

როგორ აისახება შედეგი განათლების სისტემაზე, მოვუსმინოთ ექსპერტს განათლების საკითხებში ნათია გორგაძეს

აქვე გეტყვით, რომ სამცხე-ჯავახეთში სულ 204 საჯარო და 1 კერძო სკოლაა, რომლებშიც 4 127 მასწავლებელი ასწავლის. რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი 65 სკოლა ახალქალაქშია ხოლო ყველაზე ცოტა 18 სკოლა ასპინძაში.