რატომ გაჭიანურდა აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის რეაბილიტაცია

June 27, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, 2021 წლის ბოლოს, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის რეაბილიტაციაც აპრილში უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესი ამ დრომდე გრძელდება. კომპანიაში გვეუბნებიან, რომ შენობიდან ნარჩენების გატანის შემდეგ ახალი დაზიანებები აღმოაჩინეს, რამაც დამატებითი გამაგრებითი სამუშაოები გამოიწვია და შესაბამისი ცვლილება ხელშეკრულებაშიც შევიდა, გაიზარდა გამოყოფილი თანხის ოდენობაც. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულებაში ცვლილება ჯერ 31 მარტს, შემდეგ კიდევ ერთხელ 19 მაისს შევიდა. განახლებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ გაზრდილი თანხით, 126 ატას ლარზე მეტით, გარდა თავდაპირველად ნაკისრი ვალდებულებებისა, სარდაფში უნდა მოაწყოს მონოლითური ჩარჩოები და კოჭები და სარდაფის კედლებზე რკინა-ბეტონის ჯავშნები.

მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ პრობლემები, რომელიც გაწმენდის შედეგად აღმოაჩინეს უხილავი იყო, რადგან ნანგრევები ფარავდა. შესაბამისად ვერ მოხვდა თავდაპირველ ხელშეკრულებაში და გახდა საჭირო კორექტირება. 

რაც შეეხება დასრულების თარიღს, დირექტორის თქმით, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე გაუჭირდება კონკრეტულად ვადების დასახელება, ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამუშაოებისთვის დამატებით 13 კვირა მიეცა. რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი დაახლოებით აგვისტოს თვეში უნდა დასრულდეს

კორპუსში მაცხოვრებლებს ალტერნატიულ ფართით ახალციხის მერია უზრუნველყოფს. როგორც მერიაში გვეუბნებიან, მათთვის ქირის გადახდა მანამ გაგრძელდება, სანამ რეაბილიტაცია არ დასრულდება. 

რაც შეეხება სამუშაოების მწარმოებელ კომპანია შპს “ნიუ პროჯექტს” – აღნიშნული კომპანია ახალციხეში 2011 წელს დაარსდა. მისი დირექტორ და 100 %-იანი წილის მფლობელი, დავით ჩაჩანიძეა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, კომპანიამ სულ 117 სახელმწიფო შესყიდვაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 32-ში გაიმარჯვა. 

დავით ჩაჩანიძემ 2021 წელს, “ქართულ ოცნებას” 5 000 ლარი შესწირა.