რა ბედი ელით კახარეთის, ვარხნის და წყრუთის ავარიულ სკოლებს – სამცხე

May 16, 2022

ადიგენის სოფელ კახარეთში, ავარიული მდგომარეობისა და საშიში სასწავლო გარემოს მიზეზით სკოლა ჯერ დისტანციურ რეჟიმში გადავიდა, ხოლო მალევე სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, –  ამის შესახებ ინფორმაციას კახარეთის სკოლის დირექტორი გვიდასტურებს. 

მისივე თქმით, სკოლის შენობა მოსწავლეებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა 14 აპრილს დირექტორი ირწმუნებოდა, რომ შენობა ავარიული იყო და დემონტაჟს ექვემდებარებოდა.

დემონტაჟს  ექვემდებარება და სწავლა უკვე რამდენიმე კვირაა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს ახალციხის სოფელს წყრუთის საჯარო სკოლაშიც. დირექტორის განცხადებით, მისთვის უცნობია კონკრეტული თარიღი, თუ როდის მოხდება სკოლის აშენება, მანამდე ალტერნატიულ ფართად ახალციხის N3 სკოლას განიხილავს. 

რაც შეეხება კიდევ ერთ ავარიულ სკოლას ადიგენის სოფელ ვარხანში, სკოლის დირექტორის განცხადებით, მათ უკვე მოიძიეს ალტერნატიული ფართი, სადაც უკვე ორი კვირაა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

იგეგმება თუ არა სკოლების აშენება-რეაბილიტაცია, არის თუ არა პროექტი მზად და აქამდე რატომ არ მოხდა სკოლების რეაბილიტაცია, მაშინ , როდესაც ბავშვები პანდემიის გამო ისედაც დისტანციურად სწავლობდნენ – განათლების სამინისტროში ინფორმაციის მოძიებას დაგვპირდნენ. სტატია განახლდება პასუხის მიღების შესაბამისად.