რა ვალდებულება აქვს ბიზნესს, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად

January 22, 2021

შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე – გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

– ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.

– კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება;

– ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.

„სკოლების გახსნასთან ერთად პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებელთა სისტემურ ტესტირებას 2 კვირაში ერთხელ. უკვე დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში 1 მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს მისი თანამშრომლები. ეს მიდგომა ჩვენ საშუალებას მოგვცემს ბიზნესმა დაიცვას მისი თანამშრომელი და მომხმარებელი და ზოგადად, ქვეყანას აგვაცილოს ვირუსის უკონტროლო გავრცელება“ – განაცხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

ავტორი: ნატალი ნემსაძე