რა შეზღუდვები (არ) რჩება ძალაში 24 დეკემბრიდან – მთავრობის გადაწყვეტილება

December 22, 2020

მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც 24 დეკემბრიდან იმუშავებს. მაია ცქიტიშვილის განმარტებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალული იქნება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაც. ასევე არ გაიხსნება ბაზრობები, თუმცა მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ აგრარულ ბაზრობებს.

  „სამწუხაროდ, ვერ გაიხსნება ბაზრობები. იმუშავებს აგრარული ბაზრები ისევე, როგორც ფუნქციონირებდნენ 28 ნოემბრის შემდეგ და იმუშავებენ იმ პირობით, რომ სრულად დაიცავენ უსაფრთხოების წესებს, რომელიც არის დაშვებული “- თქვა ცქიტიშვილმა.

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ზემოაღნიშნულ დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, თუ ისინი დაიცავენ წესებს. მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე.

მთავრობის განმარტებით, სავაჭრო ობიექტებს შემდეგი წესებიც დაცვა მოუწევთ, ნაკადების სამართავად მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში.