Sputnik V – რუსული ვაქცინა აღიარების გარეშე, რომელიც შესაძლოა სოხუმმა შეიძინოს

September 24, 2020

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ რუსეთს კორონავირუსის ვაქცინის “Sputnik V”-ის პარტიის შესყიდვასთან დაკავშირებით მიმართა – ინფორმაციას აფხაზური მედიები ავრცელებენ. 

“ვთხოვთ რუსეთის ხელმძღვანელობას განიხილოს რუსეთის ვაქცინის
“Sputnik V” -ის აფხაზეთის (დეფაქტო) რესპუბლიკისთვის ჩაბარების შესაძლებლობა, რაც აუცილებელია აფხაზეთის მოქალაქეებისა და რესპუბლიკაში მცხოვრები ჩვენი რუსი თანამემამულეების უფასო და ნებაყოფლობითი ვაქცინაციისთვის,” – ნათქვამია განცხადებაში

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმი რუსეთისგან 15-20 ათასი ვაქცინის მიღებას ითხოვს.

რუსეთში წარმოებული ვაქცინის “Sputnik V” ეფექტურობა და ხარისხი კითხვის ნიშნებს აჩენს სფეროს წარმომადგენლებში. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინას საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს. მისივე თქმით, ვაქცინის ვალიდურობას არ ენდობა და აკრიტიკებს მოსკოვის მეჩნიკოვის ვაქცინებისა და შრატების ინსტიტუტის დირექტორიც.

“Sputnik V” რასაც ეძახიან უნდა გაეშვას ნოემბერში. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება თუ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება დათანხმდა თუ არ მის გამოყენებას ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ჯერჯერობით, ამ ვაქცინას არ გაუვლია ფართომასშტაბიანი მესამე ფაზის კვლევები, რასაც მსოფლიოში დღეს 4 ვაქცინა გადის. ფართომასშტაბიანი კვლევები, სადაც ვაქცინას 30 000 ადამიანზე იკვლევენ მას არ გაუვლია, ამიტომ საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს რუსულ ვაქცინას.”

პუტინმა ჯერ კიდევ 11 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთში მოსკოვის გამალიას ინსტიტუტის მიერ შექმნილი ვაქცინა გამოყენებისთვის მზად იყო. პუტინის მტკიცებითვე, რუსულმა ვაქცინამ მარეგულირებლის თანხმობა 2 თვეზე ნაკლებ დროში მიიღო. მისი განცხადებით, ვაქცინამ გაიარა ყველა საჭირო შემოწმება და იგი მიიღო მისმა ქალიშვილმაც, რომელსაც ტემპერატურის  უმნიშვნელო მატება ჰქონდა .

რუსული ვაქცინა არ შედის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  იმ ვაქცინებს შორის, რომლებმაც კლინიკური ცდების მესამე ფაზას მიაღწიეს და ადამიანებში ფართომასშტაბიანი ტესტირებისთვის იქნება გამოყენებული.

Leave a Reply