რუსეთი აზერბაიჯანის და სომხეთის გზაზე-სამმხრივი შეხვედრის შედეგი

January 12, 2021

სამმხრივი შეხვედრა კრემლში – რაზე შეთანხმდნენ ლიდერები?

ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის უმასპინძლა. ეს პირველი ერთობლივი შეხვედრა იყო მას შემდეგ რაც, 9 ნოემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას მთიანი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის პირობებისა და სამშვიდობო მისიით რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალის განლაგების შესახებ.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ხელი მოეწერა ახალ განცხადებას, სადაც ყურადღება ძირითადად გამახვილებულია სატრანსპორტო დერეფნების ამოქმედებაზე. რაზე შეთანხმდნენ მხარეები კრემლის ოფიციალური ვებ-გვერდი 4 პუნქტიანი შეთანხმების ტექსტს ავრცელებს.

  • 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების მე -9 პუნქტის განსახორციელებლად, მხარეები რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გახსნის მიზნით მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეებიც იქნებიან აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერები.
  • სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას 2021 წლის 30 იანვრამდე გამართავს, რომლის შედეგების საფუძველზეც ჩამოაყალიბებს ნოემბრის შეთანხმების მე-9 პუნქტის განსახორციელებლად გასატარებელი სამუშაოების სიას. პრიორიტეტი მიენიჭება გზისა და რკინიგზის კომუნიკაციებს.
  • სამუშაოების განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები დაამტკიცებენ საექსპერტო ჯგუფების შემადგენლობას. სამუშაო ჯგუფის შეხვედრიდან ერთი თვის ვადაში ექსპერტთა ქვეჯგუფები წარმოადგენენ პროექტების ჩამონათვალს საჭირო რესურსებს და მათი განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებებს თავისივე დასაბუთებით.
  • 2021 წლის პირველი მარტისთვის სამუშაო ჯგუფი მხარეებს უმაღლეს დონეზე დასამტკიცებლად წარუდგენს იმ ღონისძიებათა სიასა და გრაფიკს, რაც საერთაშორისო გადაზიდვების შესასრულებლადაა აუცილებელი და რომლებიც ხორციელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით. აგრეთვე, გადაზიდვებისთვის, რომლებიც ხორციელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ და რომელთა შესასრულებლადაც საჭიროა აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიის გადაკვეთა.

ცალკე შეხვედრა გაიმართა პუტინსა და ალიევს შორის. შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ სომხეთი რუსეთის ფედერაციას აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით დაუკავშირდება. როგორც ალიევი ამბობს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწორედ სატრანსპორტო პროექტებზე იმუშავებს.

“სასარგებლო და ნაყოფიერი” ასე შეაფასა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სამმხრივი შეხვედრა და მის ინიციატორს მადლობა გადაუხადა. 

“ყოველთვის სასიამოვნოა რუსეთის დედაქალაქში ყოფნა და მინდა გამოვხატო კიდევ ერთხელ ჩემი მადლიერება მოწვევის და სამმხრივი შეხვედრის გამართვისთვის. შეხვედრა გამოდგა ძალიან სასარგებლო და მე ვფიქრობ, გულწრფელი, რადგან შეხვედრის დასასრულს, ჩვენ შევძელით ხელი მოგვეწერა განცხადებისთვის.”

სამმხრივი შეხვედრის პარალელურად სომხეთში მოქალაქეები და ოპოზიცია კვლავ აპროტესტებს პრემიერ-მინისტრის მიერ შეთანხმებაზე ხელისმოწერას და მის გადადგომას ითხოვს.

რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი ერთობლივი განცხადების თანახმად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა შვიდი რაიონი და კონტროლი შეინარჩუნა 44-დღიანი ომის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე.