საარჩევნო ღონისძიებებზე არ გავრცელდება 200-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა

September 9, 2020

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან იკრძალება ღია ცის ქვეშ 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურულ-სპორტული ღონისძიებების ჩატარება. რეგულაცია არ ვრცელდება საარჩევნო აგიტაციასა და საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. 

“ვაცნობიერებთ იმას, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, ამიტომ 200 კაცის მეტის შეკრებაზე შეზღუდვა, რა თქმა უნდა, არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

აქვე მან საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან  ორმეტრიანი დისტანცია და პირბადის გამოყენების წესები.

კითხვაზე, თუ 200 კაცის შეკრებაზე დაწესებული რეგულაციით იზღუდება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებების ჩატარება, რატომ არ ვრცელდება იგი წინასაარჩევნო აგიტაცია-შეკრებებზე, ამირან გაყრელიძემ განმარტა: 

„რომ შეზღუდო, ჯერ ერთი, პოლიტიკური პროცესია და არჩევნების დროს, რა თქმა უნდა, ნაკლები შეზღუდვები უნდა იყოს, რომ ეს არ იყოს გამოყენებული ან მმართველი, ან სხვა პარტიების მიერ გარკვეულად დისკრიმინაციად, რომ პროცესი იზღუდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, აუცილებელია მონიტორინგი, მაგრამ პოლიტიკური პროცესის ნაკლები შეზღუდვით, ვინაიდან ეს დაკავშირებულია უფრო მნიშვნელოვან ფაქტთან, რაც თვე-ნახევრის შემდეგ ქვეყანაში იქნება.

9 სექტემბრის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1773-მდე გაიზარდა.

საქართველოშ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. საარჩევნო სუბიექტებმა საარჩევნო კამპანია 1 სექტემბერს ოფიციალურად დაიწყეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები აქამდე ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებული პრინციპით ჩატარდება. მოქალაქეები 120 დეპუტატს პროპორციული წესით აირჩევენ, 30-ს კი – მაჟორიტარული წესით. პარლამენტში მოსახვედრად კი პარტიებმა 1-პროცენტიან ბარიერი უნდა გადალახონ.

Leave a Reply