საახალწლო ვაჭრობა ონლაინ თუ პირისპირ? – მთავრობას გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს

December 21, 2020

ე.წ წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქებამდე სამი დღით ადრე საბოლოო გადაწყვეტილება გაიხსნება თუ არა სავაჭრო ობიექტები კვლავ უცნობია.​ Covid-19-ის პრევენციის მიზნით, ორთვიანი გეგმის ფარგლებში  სავაჭრო ობიექტების გახსნა 24 დეკემბერსაა დაგეგმილი. 

ეკონომიკის მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი დრო სჭირდება. მისივე თქმით, მაღალი რისკიდან გამომდინარე ხელისუფლებამ დაბალანსებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 

“თუკი მოხდა გადაწყვეტილების ლიბერალიზაცია ვაჭრობასთან მიმართებაში, არავის ეგონოს, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი შოპინგი. თუკი ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს იქნება განსაკუთრებული ზომებით დატვირთული, იმდენად რთული საკითხია და იმდენად ვუფრთხილდებით პირველ დადებით ნიშნებს, რაც გვაქვს და ჯანდაცვის სექტორს, რომ მეტი მსჯელობა გვჭირდება.” – ამბობს ნათია თურნავა.

ზომების შემსუბუქებას დიდწილად არ ემხრობიან ეპიდემიოლოგებიც.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უფრო რადიკალური ღონისძიებების მომხრენი ვართ, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ მოსახლეობის მოთხოვნილება”.- განმარტავს ამირან გამყრელიძე.

შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში ინფიცირების რიცხვის ზრდას ვარაუდობს თენგიზ ცერცვაძე, მისი თქმით, შეზღუდვები ნაწილობრივ უნდა მოიხსნას, თუმცა ამავდროულად უნდა გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმიც. 

რა ელის სავაჭრო ბიზნეს თუ შეზღუდვები 24 დეკემბერს არ შემსუბუქდება? 

სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ამ სცენარით ბევრი მაღაზია თუ ბიზნესობიექტისთვის მუშაობის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. 

“ვვარაუდობთ დამატებით 10 000 უმუშევარზე, ძალიან დიდ უარყოფით შედეგს მივიღებთ ჩვენს ეკონომიკაში, რომლის აღდგენასაც რამდენად შევძლებთ, არ ვიცით. “- ამბობს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი. 

ეპიდემიის პირველი ტალღის დრო სავაჭრო ობიექტები თითქმის სამი თვე დახურული იყო. გახსნისას კი მათ არაერთი რეგულაცია აამოქმედეს, მათ შორის დეზობარიერი და თერმოსკრინინგი. ზოგიერთ მაღაზიაში გაუქმებული იყო გასახდელებიც. ე.წ მეორე ტალღის პირობებში მაღაზიები 28 ნოემბრიდანაა დაკეტილი.