სავარაუდო სექსუალური ძალადობის შემთხვევა ნინოწმინდის პანსიონში – #ფაილები

September 17, 2021

სავარაუდოდ ფარული მიყურადების შედეგად გავრცელებულ ფაილებში, საუბარია ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში აღსაზრდელზე შესაძლო სექსუალური ძალადობის შემთხვევაზე. 

2019 წლით დათარიღებულ ფაილში ვკითხულობთ, რომ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი, დაწესებულების ერთ-ერთ თანამშრომელს სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს. მნიშვნელოვანია, ის გარემოებაც, რომ შესაძლო ძალადობის მსხვერპლს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. 

ჩანაწერების მიხედვით, მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული ჰქონდა სხალთის მთავარეპისკოპოსს და პანსიონის იმდროინდელ ხელმძღვანელს მეუფე სპირიდონს, რომელმაც სავარაუდო გამომძიებელს განუცხადა, რომ “საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე იჩენს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, თუმცა აუცილებლად დაიბარებს” ძალადობაში ბრალდებულს.

მეუფე იქვე დასძენს, რომ “ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მას გააგდებს პანსიონიდან, თუმცა არ გამორიცხავს, რომ აღსაზრდელის წერილის უკან იდგეს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.” 

ჩანაწერების მიხედვით, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი 2019 წლის დეკემბერში დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მამაკაცი წაყენებულ ბრალდებას უარყოფს. ამავე ფაილების მიხედვით, ძალადობაში ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა დაკითხვისას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

აქვე ვკითხულობთ, რომ პანსიონის წარმომადგენელი, შესაძლო სექსუალური ძალადობის მსხვერპლს დაუკავშირდა და მიიღო ინფორმაცია, რომ ეს უკანასკნელი “საკუთარი თავის დასაცავად არავითარ შემთხვევაში არ მიმართავს ტელევიზიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.”

ფაილების მიხედვით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია კარის, კუმურდოს და ამის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ მიტროპოლიტ ნიკოლოზს დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ასევე მას დავუტოვეთ მოკლეტექსტური შეტყობინება, თუმცა პასუხი ვერც მასზე მივიღეთ.

ჩვენ ვცადეთ მეუფე სპირიდონთან დაკავშირებაც, თუმცა მან კითხვის დასმის საშუალება არ მოგვცა და ტელეფონი გათიშა. ასევე მიტროპოლიტ სპირიდონსაც დავუტოვეთ მოკლეტექსტური შეტყობინება, თუმცა პასუხი ვერც მისგან მივიღეთ.

​ჰქონდათ თუ არა, სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში? საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვპირდნენ ინფორმაციას მოძიებას. თუმცა ამ დრომდე პასუხი ვერც მათგან მივიღეთ.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, დაწყებულია გამოძიება, მათ შორის სექსუალური შევიწროვების მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობის შესახებ ომბუდსმენი რამდენიმე წელია  წერდა. უწყებას დაწესებულებაში შესვლაც შეზღუდული ჰქონდა. მას შემდეგ, რაც საკითხით მედია და საერთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესდნენ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი შეიცვალა და რამდენიმე აღსაზრდელმა დაწესებულება საკუთარი სურვილით დატოვა.