სამჯერ და უშედეგოდ – ახალციხეში ხელოვნური ტბის მიმდებარედ შადრევნების რეაბილიტაციის ტენდერი მესამედ ჩაიშალა

November 3, 2021

ახალციხეში ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე დაზიანებული შადრევნების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი უკვე მესამედ ჩაიშალა. წინა ორი ტენდერისგან განსხვავებით ამჯერად კონკურსში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ, თუმცა სარეგისტრაციო/უფლებრივ მონაცემებში ხარვეზების გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა, – აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

ახალციხეში, ხელოვნურ ტბაზე შადრევნების რეაბილიტაციისთვის მერია ტენდერს მეორედ აცხადებს

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, შადრევნების რეაბილიტაციისთვის მერია 260 ათას ლარზე მეტის გამოყოფას გეგმავდა. იგივე თანხა იყო გათვალისწინებული წინა ორ (არშემდგარ) ტენდერშიც. 

„სატენდერო კომისიამ განიხილა წარდგენილი დოკუმენტაცია და აღნიშნა, რომ შპს „მშენ +“–ს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას”, – ნათქვამია ახალციხის მუნიციპალიტეტს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

კომპანია მშენ+ ში ამბობენ, რომ მათ ქონებაზე გირვავნობა, იპოთეკა იყო დადებული, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიანიჭეს და დააჯარიმეს.

აღნიშნული ტენდერი მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს გამოცხადდა. აპირებენ თუ არა ტენდერის კიდევ ერთხელ გამოცხადებას და განიხილება თუ არა დოკუმენტში ცვლილებები? კითხვით ჩვენ ახალციხის მერიას დავუკავშირდით. უწყებაში გვეუბნებიან , რომ ტენდერის გამოცხადებას გეგმავენ, იგივე პირობებით. 

ფოტო: ახალციხის მერია/ არქივი