საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 %-ს სახლში ინტერნეტი არ აქვს – UNICEF

December 1, 2020

საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა – ვკითხულობთ გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ახალი ერთობლივ ანგარიშში

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის და დახურული სკოლების გამო სწავლების ვირტუალურ მოდელზე გადასვლა დაახლოებით 661 500 ბავშვს მოუწია. 

“ინტერნეტზე წვდომის არარსებობა ხელს უშლის ბავშვებს და ახალგაზრდებს, იყვნენ კონკურენტუნარიანები თანამედროვე ეკონომიკაში. ხოლო სკოლების დახურვის შემთხვევაში, რაც ახლა ხდება COVID-19–ის გამო, ინტერნეტის არქონა ბავშვებს განათლებაზე ხელმისწავდომობას უზღუდავს”- ამბობს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლი, ღასან ხალილი. 

ორგანიზაციის თქმით, ჯერ კიდევ პანდემიამდე მზარდი იყო იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც ესაჭიროებოდათ საბაზისო, ციფრული, დასაქმების შესაბამისი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების შესწავლა, 21-ე საუკუნის ეკონომიკის პირობებში კონკურენტუნარიანობის მისაღწევად.

მსოფლიო მონაცემების მიხედვით, ყველაზე შეძლებულ ოჯახებში სასკოლო ასაკის ბავშვების 58 პროცენტს აქვს სახლში ინტერნეტკავშირი, ეს მაჩვენებელი უღარიბესი ოჯახების ბავშვების შემთხვევაში მხოლოდ 16 პროცენტს შეადგენს.