საქართველოში B ტიპის გრიპმა დაიწყო ცირკულირება – ამირან გამყრელიძე

December 8, 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, ცირკულაციაში უკვე გამოჩნდა ბ გრიპის ვირუსიც. მისი განმარტებით, გრიპის სეზონი წელს, შესაძლოა, ოდნავ რბილი იყოს. 

„თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო. ამაზე ბევრი ვერსია არსებობს, მათ შორის ისიც, რომ ადამიანები მივეჩვიეთ პრევენციული ღონისძიებების დაცვას, პირბადის ტარებას, მეტი ადამიანი აიცრა გრიპის საწინააღმდეგოდ, უფრო მეტი იცავს დისტანციას და სანიტარულ ნორმებს. ალბათობა არის, რომ შეიძლება გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყო, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. კლინიკურად გრიპის ვირუსით გამოწვეული რესპირაციული ინფექცია და კორონავირუსი დაახლოებით ერთი და იგივეა, გამოცდილ ექიმს შეუძლია მისი კლინიკურად დიფერენციაცია, საბოლოო დიფერენციაციული დიაგნოზი კი ისმება ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მანვე მოსახლეობას რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისა და გრიპის აცრის ჩატარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქვეყანაში გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობითაა და ყველა რისკჯგუფს შეუძლია აიცრას. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპის ვაქცინის 65 ათასამდე დოზაა.

„გრიპთან მიმართებით, სახელმწიფოს ვაქცინა საკმარისია, მიბრძანდნენ ისინი, ვინც რისკჯგუფებში არიან. რისკ ჯგუფები უფრო გაფართოვდა. რისკჯგუფში არიან მასწავლებლები, ასევე 65 წელს ზემოთ ადამიანებს მოეხსნათ აუცილებლობა ქრონიკული დაავადებების ქონის. ყველას შეუძლია მიბრძანდეს და აიცრას. ჯერ კიდევ არის ვაქცინის მარაგი, ასევე, ვთხოვ თითოეულ ორსულ ქალბატონს, რომ აიცრან გრიპის საწინააღმდეგოდ.“,- განაცხადა გამყრელიძემ.