საქართველო კორონავირუსის 100 ათას მოსახლეზე გავრცელებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

December 10, 2020

ბოლო ორი კვირის ოფიციალური მონაცემებით, საქართველო კორონავირუსის 100 ათას მოსახლეზე გავრცელებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებაზე გავლენას ახდენს თავყრილობები, უნიღბოდ სიარული და სოციალური დისტანციის დაუცველობა.

„რამ მიგვიყვანა აქამდე, რომ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ინფექციის გავრცელების მხრივ ყველამ ვიცით, რა ხდებოდა წინა ორკვირიან მონაკვეთებში. შეზღუდვებიდან ორ კვირაში ვნახეთ, რომ ახალი შემთხვევების ზრდა აღარ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტი გაფართოებისა. ამან გვაჩვენა, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ გავრცელებით 100 ათას მოსახლეზე, ჩვენმა სისტემამ გაუძლო. კი, ხარვეზებით, მაგრამ ფაქტია, რომ გაუძლო და მეტს ვერ გაუძლებდა. პროგნოზები რადგანაც არსებობდა, ამიტომ დაწესდა შეზღუდვები. ჯერჯერობით ამან თავისი შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის“ – ამბობს პაატა იმნაძე.

2 დეკემბრიდან 2 თვის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება დაიწყო. დღეს ოფიციალურად Covid19-ის 4500-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 ათასს გადააჭარბა თბილისში ინფიცირების მაჩვენებელმა.