საქართველო-უკრაინის პერსპექტივა NATO-ში – მოსმენა ამერიკის სენატში

January 20, 2021

“თუ ქვეყანა NATO-ს წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენ საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს, დიახ, კარი ღია უნდა დარჩეს,” -ასე უპასუხა აშშ-ის მომავალმა სახელმწიფო მდივანმა კითხვას საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. 

ამ პასუხის შემდეგ ნატოს ღია კარის პოლიტიკის მოწინააღმდეგე რენდ პოლმა განაცხადა, „ანუ თქვენ ეს წარმატებით რომ გამოგსვლოდათ, ახლა რუსეთთან ომი გვექნებოდა.”

მომავალმა სახელმწიფო მდივანმა კი განმარტა, რომ წარსული გამოცდილება, აჩვენებს, რომ ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები არიან, რუსეთის აგრესიის ასეთი სამიზნე არ ყოფილან. მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღება რუსეთთან ომს არ გამოიწვევს.

“როცა საქმე ნატოს წევრობას ეხება, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოში არ არიან და [უსაფრთხოების] ქოლგის ქვეშ არ არიან მოქცეული. ეს აჩვენებს იმას თუ რატომ არ ესხმის თავს რუსეთი [ნატოს წევრებს].” – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. 

გამოსვლისას ბლინკენმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, კრემლი ნავალნის დაკავებით მილიონობით რუსი ადამიანის გაჩუმებას ცდილობს.

„გასაოცარია, როგორ ეშინია ვლადიმირ პუტინს ამ ერთი ადამიანის. ეს ბევრის მთქმელია. ვფიქრობ, ბატონი ნავალნი არის მილიონობით რუსის ხმა და მათი ხმა უნდა იყოს გაგონილი რუსეთში. ბატონი ნავალნის გაჩუმებით, ამ ხმის გაჩუმების მცდელობა არის ის, რასაც მტკიცედ ვგმობთ. ჩვენ ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდით და გავაგრძელებთ ამის კეთებას. უფრო ფართო კონტექსტში კი, რუსეთის მიერ სხვადასხვა ფრონტზე შექმნილი გამოწვევები, ასევე გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს და ეს საკითხი მომავალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში უმთავრეს საკითხებს შორისაა,“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ჯო ბაიდენის მიერ ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტზე შერჩეული კანდიდატი ენტონი ბლინკენი სამშაბათს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე წარდგა. სიტყვით გამოსვლისას ბლინკენმა მომავალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებზე ისაუბრა და სენატორების შეკითხვებს უპასუხა.

სენატორებისა და სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის დიალოგს “ამერიკის ხმა” აქვეყნებს.