სტრასბურგის გადაწყვეტილების ოფიციალური და რუსული ვერსია

January 21, 2021

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ 12-წლიან სახელმწიფოთა შორის დავაში სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 17-მოსამართლიანმა კოლეგიამ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია წამების აკრძალვის მუხლი, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება და საკუთრების უფლება. 

სასამართლომ ორად გამიჯნა 8-12 აგვისტოს, ანუ ცეცხლის აქტიურ ფაზაში განვითარებული მოვლენები და ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი (12 აგვისტოდან) პერიოდში განვითარებული მოვლენები. 

სასამართლომ 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) განვითარებული მოვლენები არ იყო მოქცეული რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს ეს მოთხოვნა დაუშვებლად ცნო.

თუმცა სასამართლომ განაცხადა, ისიც, რომ რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და ე.წ. „ბუფერულ ზონაზე“ 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მომხდარი მოვლენები უკვე ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის.

სწორედ ამ საკითხს მოჰყვა მანიპულაცია რუსეთის მხრიდან. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში აქცენტირებულია, რომ “2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობა რუსეთს არ ეკისრება.”

რუსეთის იუსტიციის სამინისტროში ირწმუნებიან, იმასაც, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად დაადგინა საქართველოს ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო არ ეთანხმება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგ დასკვნებს, მათ შორის რუსეთის მხარისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარი ინციდენტებთან დაკავშირებით. 

მიუხედავად რუსეთის მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისა, სასამართლოს ოფიციალური განცხადების მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში ექცეოდა ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სამხრეთ ოსეთში ან აფხაზეთში დაბრუნების საშუალება არ მიეცათ, ასევე, ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხინვალის ძალებმა დააკავეს დაახლოებით 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში, ასევე ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში.