სტუდენტების პეტიცია

December 4, 2020

განახევრდეს სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადი პანდემიის დროს, აღუდგეთ 2020 წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი – ორგანიზაცია “პროგრესის ცენტრის“ სტუდენტები საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავენ.

“არავინ ფიქრობს, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და რომელთა მშობლებიც უმუშევრად დარჩნენ, ფინანსური კრიზისის გამო კი სწავლის გადასახადს ვერ იხდიან და იძლებულნი არიან უარი თქვან განათლებაზე – გვეუბნება „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენელი.

მაკა ტოხიშვილის თქმით, სტუდენტები პანდემიის დროს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ.

რამდენი სტუდენტია სატატისშეჩერებული საქართველოს მასშტაბით? იგეგმება თუ არა სტუდენტების მოთხოვნების გათვალისწინება და სწავლის გადასახადის განახევრება? რას აკეთებს პანდემიის დროს სამინისტრო სტუდენტების დასახმარებლად? – ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ წერილობით მოგვაწოდეს და პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება არ მოგვეცა.

სამინსიტროს პოზიცია კი შემდეგია:

„უმაღლესი სასწავლებლები წარმოადგენენ ავტონომიურ სუბიექტებს, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას სრულიად დამოუკიდებლები არიან, გარდა მათი ავტორიზაცია-აკრედიტაციის საკითხისა, სამინისტრო მათ საქმიანობაში არ ერევა.

სწორედ ამიტომ, სწავლის გადასახადთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მხოლოდ სტუდენტსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის არსებული ხელშეკრულებით რეგულირდება. ამის მიუხედავად, როგორც მთავრობამ, ასევე, სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში სტუდენტთა ოჯახებს სწავლის გადასახადთან დაკავშირებით შეღავათები ჰქონოდათ“.

სტუდენტების პეტიცია, Manifest.ge-ზე 2 დეკემბერს გამოქვეყნდა და 7400-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს.