ტიკარაძე ამბობს, რომ 19 წლის გოგოს გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აჰყავს

December 2, 2020

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ეკატერინე ტიკარაძე უსამძიმრებს ოჯახს და ამბობს, რომ საკითხი პირად კონტროლზე აჰყავს.

გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული იყო და როგორც ოჯახმა მედიასთან თქვა, დაგვიანებული სამედიცინო ჩარევის გამო გარდაიცვალა.

“ნამდვილად ტრაგიკული ფაქტი მოხდა, ვერ დავტოვებდით ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე. გუშინ მყისიერად, ჩემი დავალებით, რეგულირების სააგენტომ მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს შესწავლა. ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით, ნამდვილად გაეცემა ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელსაც საზოგადოება ელის და პასუხები, პირველ რიგში, მესაჭიროება მე იმისთვის, რომ არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები”- ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გარდაცვალების ყველა შემთხვევას კლინიკური აუდიტი სწავლობს. როგორ მუშაობს კლინიკური აუდიტი, რამდენი შემთხვევაა უკვე შესწავლილი, რა დასკვნებია გამოტანილი – ამ კითხვებით ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით, თუმცა ისინი კომენტარს არ აკეთებენ.