უნივერსიტეტები სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან, გარდა მედიცინის პროგრამებისა

November 26, 2020

დიდ ქალაქებში მოქმედი უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები დისტანციურ რეჟიმზე რჩება, თუმცა განათლების მინისტრის განმარტებით, სამედიცინო მიმართულების მქონე ფაკულტეტებს პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება არადისტანციურად შეეძლებათ.

„დიდ ქალაქებში პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებს, ისინი სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, გარდა უნივერსიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა. როგორც მოგეხსენებათ, სიტუაციიდან გამომდინარე მედიცინის მიმართულება ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია. შესაბამისად, მედიცინის აკადემიური პროგრამების მქონე უნივერსიტეტებს ექნებათ იმის უფლება, რომ ამ პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად“, – აღნიშნა მინისტრმა.

ჩხენკელის თქმით, არადისტანციური სამუშაოების შემთხვევაში, ის სამედიცინო პროტოკოლი უნდა გაგრძელდეს, რითიც სამედიცინო უნივერსიტეტები აქამდე ხელმძღვანელობდნენ.

განათლების მინისტრის განმარტებით, დიდ ქალაქებში მოქმედი სკოლები, რომლების უკვე გადასულები არიან დისტანციურ რეჟიმზე, კვლავ ამ ფორმატით გააგრძელებენ მუშაობას. ამასთან მისივე განმარტებით დისტანციურ რეჟიმზე რჩებიან ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საჯარო და კერძო ბაღები.

„უწყებათაშორისმა საბჭომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები. როგორც უკვე მოგეხსენებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებს შეჩერებული აქვთ მუშაობა და ეს ეხებათ როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღებს – ეს გადაწყვეტილება ნარჩუნდება“, – ამბობს ჩხენკელი.