“ქართული ოცნება” 51 დეპუტატს მანდატებს არ შეუწყვეტს -კობახიძე

February 2, 2021

„ქართული ოცნება” ოპოზიციის წარმომადგენელ 51 დეპუტატს მანდატს არ შეუწყვეტს – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა. დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის შესახებ პლენარული სხდომა პარლამენტში დღეს უნდა გამართულიყო.

ირაკლი კობახიძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მას შემდეგ რაც პარტია “ევროპელი სოციალისტები” და “მოქალაქეები” პარლამენტში შევიდნენ, საკანონმდებლო ორგანოში თავისი მანდატის დაკავება კიდევ 20-მდე დეპუტატს სურს. კობახიძის განმარტებით, მმართველი პარტია ამ დეპუტატებს საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობას აძლევს და მათი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ უჭერს.

მისივე თქმით, პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია, შესაბამისად, “დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყველა მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული”.

“ჩვენი პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მონაწილეობა საპარლამენტო და პოლიტიკურ პროცესებში ასრულებს თვისებრივად უარყოფით და კონტრპროდუქტიულ როლს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ზემოთ ჩამოთვლილ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ჩვენ მათთვის დღეს საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან შევიკავებთ თავს. „ქართულ ოცნებას“ აქვს მანევრირების ძალიან დიდი რესურსი. მაშინ, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მხოლოდ ორი არჩევანი : პარლამენტში შესვლა ან არშესვლა. გვესმის, რომ ორივე არჩევანი მათთვის რთული და პრობლემურია, თუმცა შეგახსენებთ, რომ ამ მდგომარეობაში მათ თავისივე არასწორი ქმედებებით ჩაიყენეს თავი“, -თქვა კობახიძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციამ ჯამში 60 მანდატი მოიპოვა, თუმცა ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა. თუმცა მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოში შევიდა “პატრიოტთა ალიანსის” 4 დეპუტატი და პარტია “მოაქალაქეების” 2 დეპუტატი. 

უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ პარტია „გირჩის” ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს.

​ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ, ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს.