ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკის გაგრძელება – არასამთავრობოები მელიას დაკავებაზე

February 23, 2021

“ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს”, – არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. 

მათი შეფასებით, ნიკა მელიას დაკავება საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა. განცხადებაში ისინი აღნიშნავენ იმასაც, რომ ხელისუფლება არ დაელოდა სააპელაციო სასამართლოში მელიას საჩივრის განხილვას და არ აჩვენა პოლიტიკური პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის ნება.

“საქართველოს მთავრობას სიტუაციის განმუხტვის რეალური პოლიტიკური ნება კრიზისის გამწვავების არც ერთ ეტაპზე არ გამოუჩენია. აღნიშნული ქმედებით კი სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციისკენ გადადგა ნაბიჯი, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს. ცხადია, რომ პროცესების მომავალ გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ცალსახად ესკალაციის გზას ადგას, რთულია მისგან ადეკვატური გადაწყვეტილების მოლოდინი.”- ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში. 

არასამთავრობოები საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

“დღეს როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვინაიდან, სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა დამოუკიდებლობის პერიოდში მოპოვებული ყველა მიღწევა დაკარგოს.” 

ავტორი: ნატალია ნემსაძე