შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა

January 11, 2021

ე.წ წერტილოვანი შეზღუდვების ვადა საქართველოში გახანგრძლივდა და ის 1 თებერვლამდე იმოქმედებს,-გადაწყვეტილების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა.  ნათია თურნავას განმარტებით, 1 თებერვლამდე დარჩენილ დროს ხელისუფლება  ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციისა და “უსაფრთხო გახსნისთვის” მოსამზადებლად გამოიყენებს.

  “ჩვენი ამოცანა არის, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ეს ორი- სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს  ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. ჩვენ ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. სხვათა შორის, ახალი წლების წინა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება გარკვეული დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც ჩვენ მათთან შევჯერდებით ,“ – თქვა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეზღუდვები 28 ნოემბრიდან აამოქმედა. შედეგად, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადავიდნენ გატანის სერვისზე; მუშაობის უფლება არ აქვთ მოლებსა და სავაჭრო ცენტრებს.

ორთვიანი გეგმის ფარგლებში, რიგი შეზღუდვების შემსუბუქება 18 იანვრიდან იგეგმებოდა.