შემოსავლის გარეშე დავრჩით – ჯავახეთში მოსახლეობის კიდევ ერთი პროტესტი 

February 3, 2021

ახალქალაქში მოსახლეობამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები უკვე მეორედ გააპროტესტა. ამჯერად მოქალაქეებმა პროტესტი ახალქალაქის მერიის შენობაში განაგრძეს. ადგილობრივები პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილის მოხსნას ითხოვენ, მათ შორის სომხეთის და რუსეთის მიმართულებით საზღვრების გახსნას. მოქალაქეები ამბობენ, რომ უჭირთ მთავრობის გადაწყვეტილების გაგება, რომლის თანახმადაც ფრენების მეშვეობით საზღვრის კვეთა შეიძლება, ხოლო სახმელეთო გზით არა.

მომიტინგეების თქმით, ჩაკეტილი საზღვრების გამო უცხოეთში სამუშაოდ ვერ მიდიან, ადგილზე დაუსაქმებლები კი შემოსავლის გარეშე რჩებიან. მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის მიმართაც. მათი თქმით, ჯავახეთში მკაცრი კლიმატური პირობებია და მეტი ენერგიის მოხმარება უწევთ, რის გამოც სუბსიდირების პროგრამით ვეღარ სარგებლობენ. 

„კომუნალურებს თუ ვერ გადავიხდით, გავიყინებით,“ – ამბობს აქციის ერთ ერთი მონაწილე. 

ერთ-ერთი მოქალაქე ჩივის იმაზეც, რომ ჩაკეტილი საზღვრების გამო სომხეთში მკურნალ ექიმთან სამედიცინო მომსახურების მიღებას ვერ ახერხებს. პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ სტუდენტებიც, რომლებიც სომხეთში სწავლობენ. 

თავდაპირველად ახალქალაქის მერმა მოსახლეობის მიერ შერჩეულ წარმომადგენლებს ე.წ მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. საბოლოდ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებსა და მერს შორის მოლაპარაკება მერიის შენობის დერეფანში შედგა.

მერი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას პრემიერის წარმომადგენელს რეგიონში და მაჟორიტარ დეპუტატს მიაწოდებს, რათა საკითხები საკანონმდებლო ორგანოშიც განიხილონ. აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ მოთხოვნების შესასრულებლად გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ერთკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტის განახლებას გეგმავენ.

აქვს თუ არა ინფორმაცია პრობლემების შესახებ მაჟორიტარ დეპუტატს, სამველ მანუკიანს?

მანუკიანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კომუნალური გადასახადების დაფარვის პრობლემების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა მისივე სიტყვებით, სუბსიდირება “ამინდის პროგნოზის მიხედვით ვერ განისაზღვრება”. მისივე თქმით, ის ორ დღეში ადგილზე ჩასვლას და მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრას გეგმავს.

პრობლემის შესახებ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობთ რეგიონში პრემიერის რწმუნებულთან დაკავშირებას, თუმცა ბესიკ ამირანაშვილი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

ახალქალაქში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სახმელეთო საზღვრების გახსნის მოთხოვნით უკვე მეორედ გაიმართა. მოსახლეობა პროტესტის ნიშნად  პირველად 31 იანვარს შეიკრიბა.

რა როლი ეკისრება თვითმმართველობას და რა ბერკეტი გააჩნია მას მოსახლეობის იმ პრობლემების მოგვარებისას, რომლებიც ქვეყნის ცენტრალური მთავრობის კომპეტენციაა. მაგდა პოპიაშვილი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მერიას შეუძლია მედიატორის როლი შეასრულოს და მოქალაქეებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ინფორმაციის გაცვლას შეუწყოს ხელი.