ჩემი მისია შესრულებულია – ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის

January 11, 2021

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია პარტიის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.მიზეზად ივანიშვილი იმას ასახელებს, რომ მისი „მისია შესრულებულია“.

“მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები”,- ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილში.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის  უალტერნატივოა. მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია იმაშიც, რომ გუნდი მას ღირსეულად ჩაენაცვლება.

პირველად ივანიშვილი პოლიტიკიდან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ წავიდა. 2013 წლის ნოემბერში მან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში გადადიოდა.

პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლის შემდეგ პოლიტიკური ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მის არაფორმალურად წასვლაზე მიუთითებდნენ და ამობდნენ, რომ ივანიშვილმა საჯარო თანამდებობები პასუხისმგებლობებისგან თავის არიდების მიზნით დატოვა, თუმცა ხელისუფლებასა და საპარლამენტო უმრავლესობაზე მართვის სადავეებს კვლავ ინარჩუნებდა. 

ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, იგი პოლიტიკაში ოფიციალურად  2018 წელს დაბრუნდა და პარტიის თავმჯდომარე გახდა.