ჩინური ვაქცინების შემოტანა ამ ეტაპზე არ განიხილება – ჯანდაცვის სამინისტრო

January 11, 2021

თამარ გაბუნიას განმარტებით, საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის, ამ ეტაპზე განიხილავს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებსაც აქვთ მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია. მისივე თქმით, ასეთი ორგანოები განისაზღვრება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ჩამონათვალში 35 ქვეყანაა.

„მაგალითისთვის, ეს არის ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტო, გერმანიის მარეგულირებელი, ევროპის მარეგულირებელი და ა.შ. მხოლოდ ამ ვაქცინებთან დაკავშირებით არის მოლაპარაკება. ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინები – სინოვაკი და სინოფარმი – არის ჩვენთვის ცნობილი, ყველაზე წინწასული, რომელიც ჩინეთში გამოიყენება. აქედან, ჯერჯერობით, არც ერთი არ არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებლის მიერ და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის პრეკვალიფიცირებული,“ – ამბობს გაბუნია.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე თქვა ამ ეტაპზე საქართველო მხოლოდ „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ ვაქცინების შემოტანას განიხილავს. მისივე თქმით, ქვეყანას ამ ვაქცინების შესანახად საჭირო მოწყობილობების უკვე აქვს.

„დღესაც რომ გვქონდეს „ფაიზერის“ ვაქცინა, სამ დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, არის ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, მინუს 80 გრადუსზე ტემპერატურის მქონე მაცივრები, სადაც შესაძლებელია ამ ვაქცინების შენახვა. ვაქცინების შესანახი ამგვარი მაცივარი არის ლუგარის ლაბორატორიის ცენტრალურ ოფისში და მის ფილიალებში და ასევე ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, რადგან ეს ლაბორატორიები არის მაღალტექნოლოგიური და ამ ტიპის აღჭურვილობა აქვთ. ასევე, არც ძვირი არ ღირს ეს მაცივარი იმდენად, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ მოკლე ვადაში მათი შესყიდვა. წინასწარ მოკვლევით, დაახლოებით, 23 ათასი დოლარი ღირსი ერთი ამ ტიპის მაცივარი. დამატება თუ დაგვჭირდა, ამასაც შევიძენთ,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებისა, რომ ქყვეყანას სამივე ვაქცინის შესანახი პირობები აქვს ფაქტს უარყოფს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი. თენგიზ ცერცვაძის გუშინდელი განმარტებით, ​Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მიღება საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის. მისი თქმით, აღნიშნული ვაქცინები -80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს შენახული, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მიუწვდომელია.

“Pfizer-ის და Moderna-ს, ჩვენთვის არ არის მისაღები და მისი გამოყენება ხელსაყრელი. იმიტომ, რომ ის საჭიროებს ძალიან რთულ ლოჯისტიკას -80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს ის შენახული. ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მიუწვდომელია, სად არის საშუალება იმისი, რომ ყველა რაიონში და ყველა პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები იყოს. ეს ამერიკასაც კი უჭირს, ინგლისს და გერმანიას, იქაც კი შეექმნათ პრობლემები. ყველზე შესაფერისად მიმაჩნია, ოქსფორდის უნივერსიტეტის და შვედური ფირმა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ რეჟიმს”,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ჩინური ვაქცინაზე მსჯელობენ. მისი თქმით, ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს და “ხელწამოსაკრავი” არ არის.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ვაქცინაცია თებერვალში უნდა დაიწყოს. საქართველო ვაქცინების შესაძენად 17 მილიონამდე დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც საშუალოდ, 700 ათასი ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, თანხის ნაწილი წინასწარაა გადახდილი.