ცოტათი უნდა შევცვალოთ მუშაობის სქემა – გიორგი გახარია

January 15, 2021

“იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ წარმატებულად როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა, ასევე ეკონომიკის ეფექტური გახსნა, ცოტათი უნდა შევცვალოთ მუშაობის სქემა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას ისაუბრა. მისი განმარტებით, პანდემიასთან საბრძოლველად ჩნდება სამი ახალი პრიორიტეტი, ტესტირების გაფართოვება, ასევე, ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნება იქ, სადაც ამისი აუცილებლობაა და ვაქცინაცია.

პრემიერ მინისტრის თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით, შექმნილია სპეციალური კომისია. როგორც პრემიერმა ისაუბრა, ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისია რამდენიმე საკითხს ისახავს მიზნად;

  • პირველი – მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოჯისტიკასთან;
  • მეორე – განსაზღვროს ის პრიორიტეტული ჯგუფები, ვისი აცრითაც დაიწყება ვაქცინაცია;
  • მესამე – უზრუნველყოს ხარისხიანი და ავტორიზებული ვაქცინის შემოტანა.

“რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ „კოვაქსის“ პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც.- აღნიშნა მან.

“ამასთან დაკავშირებით პირველი-ორი მიზანი დამუშავებულია და გეგმა არსებობს. ორშაბათს ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოზე წარმოადგენს გეგმას და შემდგომ უკვე მთავრობაზე იქნება დამტკიცებული. ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ რამე კითხვის ნიშნები არსებობდეს. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული”, – თქვა გიორგი გახარიამ.

საქართველოში მოსახლეობის “ფაიზერის” ვაქცინით აცრა 12 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა. „საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი” – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ ქვეყანა ამ ეტაპზე საქართველო მხოლოდ „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ ვაქცინების შემოტანას განიხილავს. თუმცა მათი ამ განმარტების პარალელურად თენგიზ ცერცვაძე ამბობდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანაზეც მსჯელობდნენ. მისი თქმით, ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს და “ხელწამოსაკრავი” არ არის.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობდა იმასაც რომ, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მიღება საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან მისი განმარტებით, აღნიშნული ვაქცინები -80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს შენახული, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მიუწვდომელია.

რომელ ვაქცინას და როდის შემოიტანს საქართველო, ვინ შევა პრიორიტეტულ ჯგუფებში, რომლებიც პირველად მიიღებენ ვაქცინას – ეს კითხვები ბოლო დღეების განმავლობაში სამთავრობო გუნდსა და ეპიდემიოლოგების მიერ გაკეთებულ განცხადებებში არსებული ცდომილების გამო ქვეყანაში ძალიან აქტიურად ისმის.

საქართველო ვაქცინების შესაძენად 17 მილიონამდე დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც დაახლოებით 700 ათასი ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი. ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, თანხის ნაწილი 4 მილიონი დოლარი საქართველოს წინასწარ აქვს გადახდილი.