წალკის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წყალმომარაგება დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა

May 16, 2022

წალკის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წყალმომარაგება დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა. 

სოფელი არ-სარვანი ერთ-ერთია იმ 13 სოფლიდან, სადაც მოსახლეობას წყალი არ აქვს. არ-სარვანელებმა ამის შესახებ ჩვენთანაც ისაუბრეს, თუმცა მოსახლეობის და მერიის აღქმა ამ შემთხვევაში განსხვავებულია. მერიაში ირწმუნებიან, რომ სოფელს წყალი მიეწოდება.

იმისთვის, რომ წალკის სოფლებში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია გვქონოდა ჩვენ მონაცემები საჯარო წესით გამოვითხოვეთ. გვაინტერესებდა წალკის რამდენ სოფელში მოეწყო-რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემის?

პასუხი: მერიისგან მიღებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 42 სოფლიდან სამუშაოები განხორციელდა 29 სოფელში, ესენია: (ჩამონათვალი მოწოდებულია მერიის მიერ)

1. ხარება
2. კოხტა
3. ბარეთი
4. ჩივთკილისა
5. ბეშთაშენი
6. ბერთა
7. თრიალეთი
8. აშკალა
9. კუში
10. ახალშენი
11. ავრანლო
12. ბურნაშეთი
13. კიზილ-კილისა
14. კავთა
15. დაშბაში
16. წინწყარო
17. ჩრდილისუბანი
18. რეხა
19. ხანდო
20. ლივადი
21. თამალა-ხარაბა
22. სამება
23. საბეჭისი
24. გუმბათი
25. კაბური
26. ოზნი
27. ხაჩკოვი
28. იმერა
29. Ჩოლიანი

როგორც საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, ამ ჩამონათვალში სოფელი არ-სარვანი არ არის.

მერიას ასევე ვთხოვეთ მოეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა თანხა გაიხარჯა წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ბოლო 5 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში, მათ შორის 2021 წელს?

პასუხი:  წალკის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  დოკუმენტის მიხედვით ბოლო 5 წლის განმავლობაში წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის გაიხარჯა 6 მილიონ 600 ათას ლარზე მეტი (6 600 034,36 ), აქედან  2021 წელს თითქმის ერთი მილიონ 900 ათასი ლარი ( 1 876 980,49). 

წალკის სოფელში წყლის პრობლემაზე მუშაობისას მოსახლეობამ ყურადღება მის ხარისხზეც გაამახვილა. რესპოდენტმა გვითხრა, რომ ჭის წყალს იყენებენ, თუმცა ის არ მოწმდება. 

რა პერიოდულობით და ვის მიერ ტარდება წალკაში წყლის ლაბორატორიულ ანალიზი და რამდენად არის ანალიზის შედეგები ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის? ამ კითხვებზე პასუხებიც ჩვენ საჯარო წესით გამოვითხოვეთ.

პასუხი:  წალკის მერიიდან მიღებული ინფორმაციით, წყლის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებაზე პასუხისმგებელია ა(ა)იპ წალკის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების და კეთილმოწყობის სამსახური, რომელიც წყლის ლაბორატორიულ ანალიზს წლისგანმავლობაში ახორციელებს ორჯერ, აკრედიტებულ კომპანიების მეშვეობით შემოთავაზებული ფასის და პირობების მიხედვით უფორმებს ხელშეკრულებას. ხელშეკრულების მიხედვით. ერთი ნიმუშის ანალიზის ღირებულებამ ( როგორც ქიმიური, ასევე მიკრობიოლოგიური ) მიმდინარე წელს შეადგინა 350 ლარი , მიმდინარე წელს წყლის ანალიზები ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელა: შპს«სამეცნიერო კვლევითი ცენტრი გამა » .

სად ქვეყნდება წყლის ლაბორატორიული ანალიზი? ამ კითხვაზე ჩვენ უწყებამ არ გვიპასუხა. 

რაც შეეხება 2022 წელს ამ მიმართულებით დაგეგმილ სამუშაოებს და ბიუჯეტს, წალკის მერიის ინფორმაციით 2022 წელს დაგეგმილია სოფელ ბარეთის წყალმომარაგების მაგისტრალის მოწყობა-რეაბილიტაცია.  მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ტენდერი მაისის ბოლოს გამოცხადდება. კონკრეტულ თანხას მერიაში ამ ეტაპზე ვერ გვისახელებენ.

წალკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, იმ სოფლებისთვის, რომლებშიც საერთოდ არ არის გაყვანილი წყლის სისტემა, ან წლებია არ ჩატარებია რეაბილიტაცია, მერია 180 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. 

ხოლო, მწყობრიდან გამოსული წყლის მილების და ტუმბოების შეკეთება/ გამოცვლისთვის ნახევარ მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.

ფოტო: Facebook გვერდი “წალკა”