”ხალხს შია – აღადგინე ტრანსპორტი“ – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

January 21, 2021

”ხალხს შია – აღადგინე ტრანსპორტი“ – მთავრობის ადმინისტრაციასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. 

“ძირითადი მოთხოვნა არის ტრანსპორტის აღდგენა, რადგან საზოგადოება უტრანსპორტობის გამო რთულ პირობებშია. ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ხალხი შიმშილით სიკვდილის ზღვარზეა მისული” – გვეუბნება ორგანიზაციის წარმომადგენელი თეონა ნაბახტეველი.

როგორც აქციის ორგანიზატორი ამბობს, აქციები სამი კვირაა მიმდინარეობს, მაგრამ, მისივე თქმით, სამწუხაროდ ამას სამთავრობო უწყებებიდან არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. 

28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, ქვეყანაში მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა 16 იანვრიდან უნდა აღმდგარიყო, შაბათ-კვირას კი მათი მოძრაობა კვლავ შეიზღუდებოდა. თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეს თარიღი 1 თებერვლამდე გადავადდა.

თეონა ნაბახტეველი გვეუბნება, რომ ორგანიზაციას არ აქვს იმედი, რომ ტრანსპორტი 1 თებერვალს აღდგება. მისი თქმით, არ არის გამორიცხული რომ კიდევ გადაიწიოს ამ თარიღმა, ამ შემთხვევაში კი ორგანიზაცია მასობრივი აქციების დაანონსებას გეგმავს.

მთავარი ფოტო აქციის არქივიდან.