ხვალიდან სოციალური ღონისძიებების ჩატარება იკრძალება, როგორც ღია ისე დახურულ სივრცეში

September 9, 2020

ხვალიდან, 10 სექტემბრიდან იკრძალება სოციალური ღონისძიებები. შეზღუდვები ეხება ქორწილებს, ქელეხებსა და იუბილეებს. აკრძალვა ვრცელდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეზე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთი თვით გადაიდო კინოთეატრებისა და თეატრების, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა .

თავდაპირველად, თეატრები და კინოთეატრები 15 სექტემებერსა და 1 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო, თუმცა ეს პროცესი 1 ნოემბრამდე გადაიდო. მთავრობაში  შეზღუდვების გამკაცრების მიზეზად ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას ასახელებენ.

შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები, მათ შორის ღია სივრცეშიც.

„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად დაიცვან წესები, ატარონ პირბადეები, დაიცვან დისტანცია. პირბადეების შესრულება გახლავთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და კონტროლი მოხდება აქტიურად, გამკაცრდება კონტროლი, იმუშავებს როგორც პოლიცია, ასევე შრომის ინსპექციაც“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, 9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა და შემთხვევათა რაოდენობა 1773-მდე გაიზარდა. მათივე მონაცემებით, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი და 1325 გახდა.

Leave a Reply