ჯავახეთში ქარმა სახლების სახურავები გადახადა და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა

March 21, 2022

ფოტო: Radio NOR

​ნინოწმინდასა და ახალქალაქში ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავი გადახადა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტოფარეხები, საქონლის სადგომები, ელექტროგადამცემი ბოძები, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია “ნორი” წერს.

მედიის ცნობით, დაზიანებები ძლიერმა ქარმა გამოიწვია. კერძოდ: ნინოწმინდის სოფელ ოროჯოლარში, ქარმა სახურავი გადახადა სპორტულ დარბაზს. ქარმა სახურავი გადახადა ეშტიაში სახლებს და ბოსლებს. დაზიანებულია სოფელ თორიის სკოლის სახურავიც. დიდ არაქალში ქარმა სახურავი გადახადა საქონლის სადგომს.

შეისწავლეს თუ არა და რა რაოდენობის ზარალზეა საუბარი? კითხვებით ჩვენ მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებს დავუკავშირდით. ახალქალაქის მერი, მელქონ მაკარიანი გვეუბნება, რომ დღეს მერიაში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სოფლებში ჩამოივლიან და შეისწავლიან თუ რა ზიანი მიადგა უამინდობის გამო მოსახლეობას. 

“დღეს გავა სპეციალური კომისია და შეისწავლიან ზარალს,” – გვეუბნება ნინოწმინდის მერის მოადგილე, ალექსანდრე მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში უამინდობამ სხვადასხვა სახის პრობლემა წარმოშვა,  მათ შორის უკვე რამდენიმე დღეა წალკის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საავტომობილო გზები ჩაკეტილია და გაწმენდა ვერ ხერხდება.

„ფეხით 2 კილომეტრზე მეტი…“ — რას ამბობენ მაშველები თოვლში ჩარჩენილი მამაკაცის შესახებ

თოვლი, ქარი და დაზიანებული ტექნიკა — უამინდობის შედეგები წალკაში